დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამის შესახებ CNN იუწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე , ეთანხმება თუ არა იმას, რომ საბოლოო შედეგი არ უნდა იყოს მხოლოდ რუსების უკრაინიდან გაგდება, არამედ პუტინის კრემლიდანაც გაგდება, ბორის ჯონსონმა უპასუხა:
„აბსოლუტურად მკაფიოა, რომ პუტინის ხელისუფლებადან ჩამოშორება არ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მიზნად ვისახავთ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი და დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და უგუნური ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ჯონსონმა.
26 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს.
28 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცახდება, რომ ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ